ავტორი: ლეონიდ ნევზლინი - ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა რადიო "თავისუფლების" რუსულენოვან ვებგვერდზე - გთავაზობთ სტატიის თარგმანს უცვლელად.
იხილეთ სტატიის ორიგინალი.
2009 წელს, 23 აგვისტოს სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღედ გამოცხადებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს ტრაგიკულ და დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებული ხსოვნა და ის უნდა დაეფუძნოს მორალურ, მსხვერპლებზე ორიენტირებულ მეხსიერებას. ამ მიდგომით უნდა აღიზარდოს ევროპელების ახალი თაობა.
როცა ვსაუბრობთ „ხსოვნის დღეზე“, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ეს გამოცდილება წარსულშია. ხსოვნა უკვე გაანალიზებული, გასამართლებული და გადალახულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტალინიზმი და ნაციზმი ევროპული საზოგადოებისთვის უკვე ისტორიაა. ნაციზმთან დაკავშირებით, ეს მკაფიოა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ევროპაში ამ მეხსიერებასაც გააჩნია აქტუალური პოლიტიკური მნიშვნელობა. აი, სტალინიზმთან დაკავშირებით კი საქმე სულ სხვაგვარადაა: ის არსად წასულა, პირიქით - სრულად აღდგა.
ნეოსტალინიზმი დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. იდეოლოგიას ჰყავს ახალი მსხვერპლიც, რომელთა რიცხვიც პერიოდულად იზრდება. ბელარუსი და რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის მთავარი წერტილებია, სადაც ნეოსტალინიზმმა რევანშისტული გზა აირჩია. სწორედ ნეოსტალინიზმია აქ გაბატონებული რეჟიმების არსი. მილიონობით ადამიანია ნეოსტალინიზმის ხაფანგში; ეს ურჩხული ემუქრება მათ აწმყოსა და მომავალს. არც ისე დიდი ხნის წინ, 1980-იან წლებში, ამ ქვეყნებში მოხდა დიდი ცვლილებები. ევროპამ ისინი მიიღო, რადგან სურდათ ევროპული თავისუფლებისა და ერთიანობის მიღწევა. ის, რაც ახლა ხდება, ასევე მნიშვნელოვანია. ევროპა თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს. აქედან გამომდინარე, ეს არა მარტო ბელარუსის ან რუსეთის, არამედ ევროპის თავის ტკივილიცაა.
23 აგვისტო საერთო ევროპული დღეცაა - თანამედროვე დიქტატურებთან ბრძოლის. რეჟმების მსხვერპლთა ხსოვნის დღე, პატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. პოსტ-სტალინისტური ისტორიის რაღაც ეტაპზე თითქოს ეს შინაგანი ბოროტება მორჯულდა და დამარცხდა. სტალინიზმი პირდაპირ გასამართლდა იმ მთავრობების მიერ, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზას დაადგნენ. ბევრმა მაშინ ჩათვალა, რომ მე-20 საუკუნე დაწყევლილი იყო და სტალინი წარსულში დარჩა. ქვეყანამ მასზე გაიმარჯვა, დიქტატურიდან გამოვიდა და ეს გამოცდილება განცდილი და გადალახული იყო. ახლა უკვე ეს ოპტიმიზმი ძალიან არასერიოზულად მოჩანს.
თანამედროვე რუსეთში „ლენინი“ მხოლოდ მავზოლეუმია, მუზეუმი და სხვა არაფერი. „სტალინი“ კი ყოველდღიურობაა. საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ ახლანდელი რეჟიმი სტალინთან მიმართებაში ვერ ჩამოყალიბდა და არ პედალირებს ამ თემას, ვინდაიდან ეს მისთვის საფრთხისშემცველია, თუმცა, ეს ამგვარად არაა: პუტინის რეჟიმს საკმაოდ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვს სტალინის, სტალინისტებისა და სტალინიზმის მიმართ. ეს, უპრიველეს ყოვლისა, დაკავშირებულია რეჟიმის წარმომავლობასთან. КГБ/ГПУ/ВЧК ვერ იქნება "სტალინის", როგორც იდეისა და პრაქტიკის წინააღმდეგი; სტალინი მათი პატრონი, ბედი და ბიოგრაფიაა. აგრეთვე, რეჟიმის გადმოსახედიდან, სტალინი "დიდი სამამულო ომია" და არავის აქვს უფლება შეეხოს წმინდას - "დიდ სამამულო ომს". სტალინმა ომში გაიმარჯვა, ამიტომ ის დამნაშავე ვერ იქნება. რეჟიმისთვის ომი არის მოვლენა, რომელშიც სტალინი წინა პლანზე წამოიწევს, განიბანება და განიწმინდება.
ზუსტად რეჟიმის წარმომავლობა განსაზღვრავს ომის ძლევამოსილ, გამარჯვებულ და ტრიუმფალურ ხასიათს. ხასიათს, რომელიც დაუნდობელი იყო „დაწყევლილების“, მოკლულების, ნაწამები ადამიანებისა და გადარჩენილების მიმართ. ამბობენ, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ: ითვისებენ, არედაქტირებენ, აყალბებენ. სტალინის შთამომავლებმა გაიმარჯვეს, ამიტომ ქვეყანას კვლავ სტალინური სამამულო ომი აქვს, კვლავ სტალინია „მართალი“. წარსული სტალინურად იცვლება. მას სტალინურად იყენებენ რათა მიისაკუთრონ, მართონ, დაიმორჩილონ და დაჩაგრონ.
ამგვარი მიდგომის ფარგლებში, რა თქმა უნდა შესაძლებელია სტალინიზმში დამნაშავეების თემაზე სპეკულირება. მაგრამ რეჟიმი ამაზე არ აგებს სტალინის სახეს (სტალინურ დროს, სტალინურ სახელმწიფოსა და მთავრობას), რადგან ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხანდახან ისმის კრიტიკული გამოსვლებიც, კვლავაა რეპრესიების მსხვერპლთათვის მიძღვნილი ძეგლები და მუზეუმები. თუმცა, ეს ყველაფერი პოლიტიკისა და პოლიტიკური განათლების მიღმაა. ამისგან არ შედგება ის ისტორია, რომელიც პუტინის რეჟიმისთვისაა სასარგებლო. თანამედროვე რუსეთში არის რეჟიმი, რომელიც ასწავლის სტალინიზმს. მისი განვითარების ლოგიკას ის მიჰყავს სტალინიზაციის გზაზე.
ამგვარი მარშრუტის საბოლოო მიზანი ცნობილია. რაც უფრო დიდ ძალას მოიკრებს ნეოსტალინიზმი, უფრო აშკარა გახდება ახალი სტალინის, ახალი დიქტატურის აღმოცენების საფრთხე. ახალი, თანამედროვეობასთან შესაფერისი ფორმით, მაგრამ ძველი დავალებებით - ძალაუფლებისა და საკუთრების მონოპოლიზება, სივრცისა და ხალხის მისაკუთრება, უთანხმოების ცხელი შანთით ჩახშობა, მეზობლების დაშინება, მსოფლიო ჰეგემონიაზე პრეტენზიის ქონა, შიშის გაჩენა მასობრივი რეპრესიების გზით. დღეს ჩვენ ვხედავთ ამ მოძრაობის შედეგებს: 2014-2020 წლებში ნეოსტალინიზმი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
დიქტატურა და დიქტატორი ისტორიული ფაქტებია. რეჟიმის ინტერესებშია, რომ ამ გზით იაროს მთელმა ქვეყანამ. საზოგადოებრივი ცნობიერების სტალინიზაცია რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. რაც უფრო მეტი „სტალინია“ საზოგადოების ცნობიერსა თუ ქვეცნობიერში, მით უფრო ნაკლებია შანსი გაიზარდოს სამოქალაქო, პოლიტიკური და დემოკრატიული საზოგადოება. ამგვარად, მსგავსი რეჟიმებისთვის სტალინიზაცია საზოგადოების მხრიდან მომავალ მთავარ საფრთხეს აღმოფხვრის.
სტალინიზაცია სტალინის პროპაგანდირებაა: როგორც ღია ასევე დაფარული, მცოცავი - ძეგლები, მასობრივი პროდუქცია ლიდერისა და მისი მხარდამჭერების შესახებ, სავსე წიგნის თაროები მაღაზიებში, 1930-იანი წლები როგორც მოდერნიზაცია სასკოლო პროგრამაში, ფილმები და სერიალები, რომლებშიც სტალინია. აშკარაა, რომ სტალინიზმის პროპაგანდა სამთავრობო პროგრამაა. სხვა მხრივ, სტალინიზაციას ასეთი ეფექტი არ ექნებოდა, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე სტალინი ვერ დაიკავებდა ასეთ ადგილს საზოგადოების ცნობიერებაში. ის, რომ მთავრობა არ უსვამს ხაზს ამ კავშირს და, მეტიც, თითქოს დისტანცირდება ამ თემისგან, მეტყველებს მის ბუნებაზე: ყველაფერი მისთვის მნიშვნელოვანი არასაჯარაოა და სპეციალური ოპერაციების გზით ხორციელდება.
„სტალინი“ - ერთ-ერთი ოპერაციაა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა ერთვება სტალინიზაციის პროცესში და ასე იწრთობიან ნეოსტალინისტები. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში პროპაგანდა ნოყიერ ნიადაგს ჰპოვებს. ნეოსტალინიზმის ტრიუმფი ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევის ნაყოფია. მითი სტალინზე, როგორც ძლევამოსილ გმირზე და იდეალური საზოგადოების შემოქმედზე, „მდიდრების“ რისხვაზე და „მუშათა და ჩაგრულთა“ მცველზე (ალექსანდრ ნევსკი და ემელიან პუგაჩოვი ერთ პიროვნებაში) 1990-იანი წლების ერთ-ერთი ხალხური ეპოსია. „სტალინი“ ღრმა, შინაგანი მამოძრავებელი ძალაა, ისტორიული გადახვევა, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ფენების მახასიათებელია.
სტალინი ჩვენს ისტორიაში არც ისე დიდი ხნის წინ იყო, ჩვენ მოწამლული ვართ ამ საწამლავით, კულტურულ-მენტალური თვალსაზრისითი ჩვენ ისევ სტალინური საზოგადოება ვართ. და ის, რომ სტალინიზმი არაა შერაცხული ბოროტებად, არაა გასამართლებული, როგორც მიუღებელი სოციალური გამოცდილება და პირიქით, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ხდება მისი ნორმალიზება, მასობრივი სტალინიზაციის დამსახურებაა.
თუმცა, სწორედ ამ წლებმა გვაჩვენა, რომ ნეოსტალინიზმი ჩიხია. მასზე დაყრდნობით რეჟიმს შეუძლია იარსებოს და სწორედ ამაზეა დაშენებული ახლანდელი რეჟიმი, რომელიც ეყრდნობა პირადი ძალაუფლების წყურვილს, (შიდა და გარე) ომებს და მასობრივ სიღატაკეს. აი ქვეყანა კი - არა. მისი განვითარების გზაზე მთავარი წინაღობა სწორედ „სტალინია“. „სტალინში“ თავს იყრის სოციალურ ორგანიზმში არსებული ყველა ნარჩენი - ანტიდემოკრატია და ანტიდასავლურობა. შეგრძნებას, რომ მტრებით ვართ გარშემორტყმული, ის ამოჰყავს ზედაპირზე და ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ახდენს საზოგადოების დემორალიზებას, კორუფციაში ითრევს მას და უკარგავს სიცოცხლის სურვილს.
ჩვენ „სტალინით“ დაავადებული საზოგადოება ვართ. ჩვენი ისტორიული ამოცანაა, რომ ანტიდოტის ძიებისას ადეკვატურად ვიმკურნალოთ. დესტალინიზაცია (ისევე, როგორც დენაციფიკაცია) ჯანსაღი საზოგადოებრივი რეაქციაა, გზა გამოჯანმრთელებისკენ. დესტალინიზაცია თანამედროვე რუსეთის ყველაზე თანამედროვე სასაუბრო თემაა - საშუალება, რომ გახდეს თანამედროვე. მინსკი 2020 ისევე, როგორც მოსკოვი 2019 - ეს არა მხოლოდ დიქტატორების მიმართ წინააღმდეგობაა, ეს არის ასევე ბრძოლა ისტორიულ ფუნდამენტთან, საკუთარი თავის განწმენდა, სტალინიზმის, როგორც ისტორიული ტრამვის, დაძლევა. თავისუფალ ადამიანს არ სჭირდება „სტალინი“.
როგორც ჩანს, სწორედ ახლა, ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც დაუშვა ახალი, პოსტ-საბჭოთა დიქტატურების აღმოცენება, საბოლოო არჩევანის დრო დადგა. ნეოსტალინიზმი ან დესტალინიზაცია, თავისუფალი საზოგადოება ან აგრესიული-მორჩილი მასა დიქტატორის უღელქვეშ - შუა აქ არ არსებობს. ყველა, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ნებით თუ უნებლიედ, ამჟამინდელი რეჟიმების მხარდამჭერია.